მრავალხმიანობის კერები

საფრანგეთი



საფრანგეთი, ტრადიციული მრავალხმიანობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მონოდიური ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში. მრავალხმიან ელემენტებს ვხვდებით მხოლოდ პერიფერიებში, სადაც მოსახლეობისა და კულტურის ძველი ფენებია შემორჩენილი. ჰეტეროფონიის ელემენტები დაფიქსირებულია ბრეტონის საცეკვაო სიმღერებში.

ისტორიულ წყაროებში შემორჩენილია ინფორმაცია ბრეტონის წარმართული რიტუალების, სიმღერებისა და ცეკვების მუსიკალური ტრადიციების შესახებ. ასე მაგალითად: წმ. იოანეს დღესასწაულის წინ შესასრულებელი იყო რიტუალური ცეკვა (ცეცხლის გარშემო), რომელიც მიუხედავად მრავალი აკრძალვისა, მაინც შემორჩა ხალხის მეხსიერებაში. ბრეტონულ და მეზობელ რეგიონებში გავრცელებულია სასიმღერო სტილი “ტუილაჟი”, სადაც ორი ხმა (მომღერალი – “კანერი” და მისი მოპასუხე მომღერალი – “დისკანერი”) მღერიან მონაცვლეობით ან ერთდროულად.

მრავალხმიანობის ელემენტების მქონე მეორე რეგიონია საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი და განსაკუთრებით, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. აქ არსებობს პარალელურ ტერციებში მღერის ტრადიცია, თუმცა ტრადიციული ხერხები (დაბალი მე-7 საფეხურის გამოყენება ) ააშკარავებს ამ ტიპის მრავალხმიანობის ძველ ფესვებს. როგორც აღნიშნავენ, მრავალხმიანობის ეს ტრადიცია, დაკაშირებული უნდა იყოს მეზობლად მცხოვრები ბასკების გავლენასთან.

როგორც ცნობილია, ბასკები ერთადერთი წარმომადგენლები არიან ძველი ევროპის არაევროპული მოსახლეობისა, ამიტომ ამ მთიანი მხარის ტრადიციული მრავალხმიანობა ჩვენთვის განსაკურებულ ინტერესს წარმოადგენს. დღეისათვის ბასკურ ტრადიციულ მრავალხმიან სიმღერას ეტყობა ევროპული ჰარმონიული ენის აშკარა ზეგავლენა (ალბათ იმიტომ, რომ ბასკეთი იყო ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული რეგიონი ევროპაში).Eეს ზეგავლენა ვლინდება პარალელური ტერციების ფართო გამოყენებაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბასკების ეთნიკური ტერიტორიის ესპანური და ფრანგული ნაწილები ცნობილია როგორც მრავალხმიანი მღერის მქონე კულტურები.

Share it on