მრავალხმიანობა ოკეანიაში
წყნარ ოკეანეს თითქმის პლანეტის ნახევარი უკავია. ის მდიდარი მრავალმხიანი ვოკალური ტრადიციების მხარეა. მარიუს შნაიდერი 1934-35 წლებში გამოცემულ მრავალხმიანობის ისტორიაში, მოგვიანებით კი ალან ლომაქსი 1968 წელს გამოსულ “ხალხური სიმღერისა და კულტურის სტილებში“ ოკეანიის კუნძულებს (განსაკუთრებით პოლინეზიასა და მელანეზიას) აერთიანებენ მრავალხმიანობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონთა შორის (აფრიკაში სუბ-საჰარას რეგიონსა და ევროპასთან ერთად). პოლინეზია მე-18 საუკუნის ევროპამ კულტურული შოკი განიცადა, როდესაც აღმოაჩინა, რომ კარგად ორგანიზებული მრავალხმიანი სიმღერა შესაძლებელია არსებობდეს ცივლიზაციისაგან მოშორებითაც, პოლინეზიაში. წყნარი ოკეანის კუნძულებთან პირველი შეხვედრისას ევროპელმა მოგზაურებმა პოლინეზიელების ვოკალური მრავალხმიანი მღერისადმი ძლიერი ლტოლვა დააფიქსირეს. პოლინეზიის კუნძულების მკვიდრთა კულტურაში მრავალხმიანობის დამადასტურებელი არაერთი მაგალითის არსებობის მიუხედავად ევროპელ პროფესიონალები მაინც არ ჩქარობდნენ მის აღიარებას. აი, იმ დროის ევროპელი მუსიკის ექსპერტების სიტყვები: “სრულებით წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ არაცივილიზებულმა ხალხმა შემთხვევით შესძლოს მუსიკის ხელოვნებაში სრულყოფის მიღწევა, რადგანაც ვთვლით, რომ ეს შეუძლებელია ანალიზის, სისტემისა და მუსიკის თეორიის დახმარების გარეშე. ასეთი რამ ფაქტიურად გამორიცხულია. ამას ნამდვილად ვერ შეძლებდნენ ნახევრადბარბაროსი ხალხები, რადგანაც ეს ვერ შესძლეს ბერძნებმა და რომაელებმა მთელი მათი სამუსიკო ხელოვნების განვითარების მიუხედავად, და ეს ვერ შეძლეს ჩინელებმა, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცივიზაციის გზა აქვთ გავლილი”.
ციტატა ამოღებულია კეპლერის გარლანდის ენციკლოპედიაში დაბეჭდილი შრომიდან., 1998:15). კიდევ მთელი საუკუნე და ვოკალური მრავალხმიანობის სხვა კერების (მათ შორის ცენტრალური აფრიკის ტყეებისა და ახალი გვინეის) აღმოჩენა დაჭირდათ ევროპელებს იმისათვის, რომ მათი ქედმაღლობა მოდრეკილიყო, და იმისათვის, რომ ეღიარებინათ, რომ ყველა მრავალხმიანი ტრადიცია ევროპელი ბერების მიერ არ ყოფილა შექმნილი. ქრისტიანული ჰიმნების დიდი წარმატება პოლინეზიაში ევროპული და ოკეანიის ხალხთა მრავალხმიანი ტრადიციების ბუნებრივი სიახლოვის შედეგი იყო. მრავალხმიანობის ტრადიციები წყნარი ოკეანის კუნძულების სამივე ჯგუფზე ვრცელდება. გვიანდელი ევროპული მრავალხმიანი სტილი ოკეანიაში ქრისტიანური ჰიმნებით გავრცელდა. აგრეთვე დაფიქსირებულია უფრო ძველებური, ადგილობრივი ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები. მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველანი თანხმდებიან ადგილობრივ პოლინეზიურ ტრადიციაში ბურდონული მრავალხმიანობის წამყვან მნიშვნელობაზე.
ტონგას კუნძულები
სამწუხაროდ, სხვადასხვა ისტორიული თუ პოლიტიკური მიზეზების გამო პოლინეზიის უმეტეს ნაწილში მრავალხმიანობა ისე კარგად ვერ შემოინახა, როგორც ტონგაში. ტონგას დიდი საგუნდო ჟანრი – ლაკალაკა კარგად არის ცნობილი ეთნომუსიკოლოგენს შორის. საერთოდ, პოლინეზიური მრავალხმიანობის უძველესი სტილის ნიშნები კარგად ჩანს პოლინეზიის ცენტრალურ ნაწილში-ტონგისა და “საზოგადო კუნძულების” ჩათვლით, და საერთოდ არ შეიმჩნევა პერიფერიაზე—ახალ ზელანდიაში, ჰავაისა და მანგარევაზე.
ოკეანიის მრავალხმიანობის ნიმუში. ლაკალაკა
ტაიტი
ტაიტელების ვეებერთელა საგუნდო ჟანრი – “ჰიმენე ტარავა” ალბათ ყველაზე კარგად ცნობილი საგუნდო ფორმაა მთელს პოლინეზიაში. ევროპული ჰარმონიული ენის ზეგავლენით ეს ფორმა დღეს ევროპულ ჰარმონიულ ტრიადას — ტონიკა-სუბდომინანტა- დომინანტა —ეფუძნება. ჰიმენე ტარავას უმეტესად დიდი შერეული გუნდები მღერიან. საოცარია, მაგრამ მრავალხმიანობა დაფიქსირებულია პოლინეზიის ყველაზე აღმოსავლურ წერტილში კუნძულ რაპა ნუი-ზე (რომელიც ცნობილია აღდგომის კუნძულის სახელით). ტურ ჰეირდალისაგან მოწერილ წერილში ირკვევა, რომ აღდგომის კუნძულების მცხოვრებლებს იმდენად მძლავრად აქვთ მიდრეკილება მრავალხმიანობისადმი, რომ არაბული სამყაროდან შესული მელოდიებიც კი აქ იმღერება მრავალ ხმაში (თბილისური აღმოსავლური მელოდიების მსგავსად). პოლინეზიის ყველაზე დასავლეთ რეგიონში, მელანეზიის სიღრმეში მდებარე პატარა კუნძულებზე: ლანგუიაზე, ბელონაზე, ტიკოპიაზე, ანუტაზე ასევე ვხვდებით მრავალხმიან ტრადიციებს. საზოგადოების მონაწილეობა ჯგუფურ სიმღერაში ამ კუნძულებზე იმდენად ინტენსიურია, რომ მაგალითად, პატარა ანუტაზე, სადაც სულ 200 ადამიანი ცხოვრობს, ვინმეს გარდაცვალების შემთხვევაში დანარჩენები ერთიანდებიან “პატარა”, 20- კაციან გუნდებში (ე. ი. თითოეულ გუნდში კუნძულის მთელი მოსახლეობის 10 %-ია გაერთიანებული!), და ეს გუნდები მორიგეობით მღერიან გარდაცვლილის სახლთან .
ჰიმენე ტარავა
რაპა ნუის ტრადიციული სიმღერა და ცეკვა
მელანეზია
შნაიდერისა და ლომაქსის ადრე ნახსენები შრომების თანახმად, ბურდონი მრავალხმიანობის წამყვანი ფორმაა პოლინეზიასა და მელანეზიაში. საინტერესოა, რომ ოკეანიის ადგილობრივი მრავალხმიანი ტრადიცია უფრო კარგად შემოინახა მელანეზიაში, და საინტერესოა, რომ აქ სტილისტური პარალელები ზოგიერთ ევროპულ და მელანეზიურ მრავალხმიან ტრადიციათა შორის საოცრად დიდია. ასეთია შორეული ბალკანელი მთიელების ტრადიციული სეკუნდური დისონანსებისა და მელანეზიურ კუნძულზე შემორჩენილი ძველი მრავალხმიანობის საოცარი, ეთნომუსიკოლოგების დამაბნეველი პარალელები. კუნძულ გუადალკანალის მრავალხმიანობაში კარგად აისახა მელანეზიელების მრავალხმიანობა. აქ ვოკალურის გარდა ფართოდ არის გავრცელებული პანის ფლეიტების მრავალხმიანობაც (რაზეც არსებობს ჰუგო ზემპის შესანიშნავი ფილმი). აქ ვოკალურ მუსიკაში ხშირად გამოიყენება ბურდონი, რომლის თავზე ორი ხმა მელოდიურ ნახაზს ქმნის. მეზობელ პატარა კუნძულ სავოზეც (სადაც სულ 1500 მცხოვრებია) არსებობს ბურდონული სამხმიანი სიმღერის ანალოგიური ტრადიცია. ახალი გვინეა ახალი გვინეა მელანეზიის ყველაზე დიდი კუნძულია, და აქაც საკმაოდაა მრავალხმიობის მსგავსი ტრადიციები. მაგალითად, ინდონეზიისადმი კუთვნილ კუნძულის დასავლეთ რეგიონში, ირიან ჯაიას ოლქში ცხოვრობენ მთიელი ხალხები (მონი, დანი, იალი), და მათ მუსიკაში ბურდონულ მრავალხმიანობას დიდი ადგილი ეთმობა. სხვა მთიელ ტომთა – მონის ტომთა სიმღერები ცნობილია “მსხვილი” ჰარმონიებით, პარალელური მოძრაობით აკორდებზე, სეპტიმებისა და ნონების გამოყენებით, ბურდონულ ბანზე დაყრდნობით” კიდევ ერთი ტომის, იალის მრავალხმიანობა ორ- და ოთხხმიან კონტრაპუნქტზეა აგებული. მრავალხმიანი ბურდონის ძალზედ საინტერესო ტრადიცია (სეკუნდური დისონანსებით) დააფიქსირეს ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კუნძულ მანუსზე. იგივე ტიპი დისონირებული მრავალხმიანობისა დაფიქსირდა აგრეთვე აღმოსავლეთ ფლორესზე. ამ ტრადიციისისა და ბალკანური მრავალხმიანობის სიახლოვემ (თავისი ბურდონითა და სეკუნდებით) საგონებელში ჩააგდო იაპ კუნსტი (1964). ეს საკითხი შემდგომში ხელახლა გამოიკვლია ჯერალდ ფლორიან მესნერმა (1989). ბორნეოს ძირძველი ხალხების მუსიკაც (კენია და კაჯანგის ტომები) მრავალხმიან ბურდონზეა დამყარებული.
სოლომონის კუნძულები. ბამბუკის სასულე საკრავები
მიკრონეზია
მიკრონეზიის სასიმღერი ტრადიციები უახლოვდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მრავალხმიანობას – ვიეტნამის, სამხრეთ ჩინეთის, ჩრდილო აღმოსავლეთ ინდოელთა მრავალხმიანობას. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიკრონეზიის მრავალხმიანი ტრადიციები ისეთი ძლიერი არ არის, როგორც მელანეზიისა და განსაკუთრებით პოლინეზიისა. ის ძირითადად დაფუძნებულია უნისონსა და ჰეტეროფონიის სხვადასხვა ფორმებზე. არ უნდა დავივწყოთ, რომ ანტიფონისა და რესპონსორიული სიმღერის ფორმა (შესრულებული უნისონსა და ოქტავებში) ფართოდ არის გავრცელებული როგორც მონოდიური, ისე მრავალხმიანი სასიმღერო ტრადიციების მქონე ქვეყნებში (ეს მოვლენა თავისთავად იმყოფება ერთხმიანი და მრავალხმიანი ტრადიციების ზღვარზე).
ავსტრალია
მიუხედევად იმისა, რომ ავსტრალიური ტრადიციული მუსიკა მეტწილად დაფუძნებულია ჯგუფურ სიმღერაზე (ესაა ძირითადად უნისონური სიმღერა, ჰეტეროფონიის პატარა ელემენტებით), ვოკალური მრავალხმიანი სიმღერა ამ კონტინენტის აბორიგენულ მოსახლეობას არ ახასიათებს. თუ არ მივიღებთ მხედველობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გვიან ჩამოსული ემიგრანტების სასიმღერო ტრადიციებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავსტრალია ჩვენი პლანეტის ყველაზე მონოდიური კონტინენტია. ერთადერთი ტრადიცია რომელიც შეიცავს მრავალხმიანობას, უფრო ზუსტად ვოკალურ-ინსტრუმენტულ მრავალხმიანობას, გვხვდება ავსტრალიის ჩრდილოეთში, სადაც “დიჯერიდუ” (ესაა ადამიანის სიგრძე ჩასაბერი საკრავი, რომელი ერთ დაბალ ბგერას, ბურდონს გამოსცემს) და ხმიერი სიმღერა ერთად ჰქმნიან ბურდონულ ორხმიანობას.არსებული ინფორმაციის თანახმად, წმინდა ვოკალური მრავალხმიანობა ავსტრალიურ ტომებს შორის არ არის დაფიქსირებული.