დასრულებული

ტმკსც-ის მიერ აღდგენილი აუდიოჩანაწერები ცვილის ლილვაკების სხვადასხვა კოლექციიდან



2006-2008 წლებში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ვენის ფონოგრამარქივის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი “ხმები წარსულიდან _ ცვილის ლილვაკების კოლექციის გადატანა ციფრულ მატარებელზე”, რომლის ფარგლებში 2005 წელს თბილისს ორჯერ ესტუმრა ვენის ფონოგრამარქივის თანამშრომელი ბ-ნი ფრანც ლეხლაიტნერი და 1923-1952 წლებში ფონოგრაფით ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერები საკუთარი აპარატით ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. შედეგად, გამოიცა კატალოგი და 16 აუდიოდისკი სამ ეტაპად (2006, 2007, 2008). ჩანაწერები მინიმალურადაა კომპიუტერულად დამუშავებული, რათა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული მისი პირველადი ჟღერადობა,  რაც ზრდის  გამოცემის სამეცნიერო ღირებულებას და მას, ფაქტობრივად, დედნის  მნიშვნელობას ანიჭებს.

კატალოგში მოწოდებულია დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოში დაცულ ცვილის ლილვაკებზე  ჩაწერილი სიმღერების შესახებ – კოლექციის ადგილსამყოფელი,  ჩამწერის ვინაობა, ლილვაკის ნომერი კოლექციაში, ჩაწერის ადგილი, შემსრულებელთა ვინაობა, ჩამწერისა და კატალოგის შემდგენელთა შენიშვნები.

აუდიო-მასალის გამოცემის I ნაწილი – 4 დისკი შეიცავს მასალას საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში არსებული დიმიტრი არაყიშვილისა (ჩაწერილია 1923 წელს) და შალვა მშველიძის (ჩაწერილია 1920 და 1931 წლებში) ცვილის ლილვაკებზე დაცული კოლექციებიდან.

გამოცემის II ნაწილი აერთიანებს 6 დისკს, რომლებშიც შესულია მასალა შემდეგი კოლექციებიდან: საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შალვა მშველიძის კოლექცია (გურია – 1931, აჭარა – 1932, მესხეთ-ჯავახეთი – 1933 წლები), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ფონდის სერგი ჟღენტის (ჩაწერილია 1940 წელს), უცნობი ჩამწერის (ჩაწერილია 1946 წელს), შალვა ასლანიშვილის (სვანეთი – 1946, მთათუშეთი – 1947, ფშავ-ხევსურეთი – 1948, ხევი, გუდამაყარი და რაჭა – 1949 წლები), თამარ მამალაძის (კახეთი – 1950 და 1951 წლები) კოლექციები.

გამოცემის III, ბოლო ნაწილი აერთიანებს ასევე 6 დისკს. მათში შესულია აუდიომასალა შემდეგი კოლექციებიდან:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო მუზეუმის (სავარაუდოდ, ალექსანდრე ფარცხალაძის ექსპედიციებიდან), საქართველოს სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის (სავარაუდოდ, ევგენი გიპიუსის ექსპედიციებიდან), საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის (გრიგოლ ჩხიკვაძის მესხეთ-ჯავახეთისა და ხევსურეთის, ვლადიმერ ახობაძის სვანეთისა და სამეგრელოს ექსპედიციები) კოლექციები.

 

Share it on