სიახლეები

მოწვევა ტრადიციული მრავალხმიანობის XIII საერთაშორისო სიმპოზიუმზე

485922966_1085780193577270_7868123788743456943_n


ტრადიციული მრავალხმიანობის მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი

23-26 სექტემბერი, 2026, თბილისი, საქართველო

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევენ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 23-26 სექტემბერს

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინური ბუნებითა არის განპირობებული.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი მოხსენებები შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სრული ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ და წინა სიპოზიუმების მოხსენებების კრებულების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე: www.symposium.polyphony.ge

 

სიმპოზიუმის თემები:

თემები მათში განხილული პრობლემების მიხედვით დაჯგუფდება შესაბამის სამეცნიერო სესიებზე, რაც მრავალხმიანობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის საშუალებას გვაძლევს.

ტრადიციულ თემებთან ერთად მე-13 სიმპოზიუმზე გვსურს შემოგთავაზოთ ახალი თემა:

ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის სხვადასხვა ფორმატში

ახალი თემა შემოთავაზებულია იმაზე სამსჯელოდ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის საშუალებებისა და მეთოდების (მათ შორის, მანქანური სწავლების, მონაცემთა დიდი მოცულობის ანალიზის და ავტომატური ტრანსკრიფციის სისტემების) გამოყენება ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში.

ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

  1. ავტომატური ტრანსკრიფცია და ანალიზი: AI-ს გამოყენება ვოკალური მრავალხმიანობის ჩანაწერების ზუსტი ტრანსკრიფციისთვის, მუსიკალური სტრუქტურების, რეგიონული სტილების, მელოდიური და რიტმული მახასიათებლების ავტომატური იდენტიფიცირებისა და შედარებისთვის.
  2. დიდი მონაცემების (Big Data) ანალიზი: AI-ს შესაძლებლობები, გააანალიზოს მრავალხმიანობის მრავალრიცხოვანი დაარქივებული ჩანაწერი, გამოავლინოს ნაკლებად შესწავლილი კავშირები, ევოლუციური ტენდენციები და რეგიონთაშორისი გავლენები, რაც ტრადიციული მუსიკის შესახებ ახალ ცოდნას მოგვცემს.
  3. ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ახალი მეთოდები: როგორ ცვლის AI ეთნომუსიკოლოგების კვლევის მეთოდებს, ქმნის თუ არა ახალ ეთიკურ პრობლემებს მონაცემთა დამუშავებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
  4. AI და კომპოზიცია/აღდგენა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები დაკარგული ან დაზიანებული მრავალხმიანი ნიმუშების აღდგენისთვის, ან ახალი მრავალხმიანი მასალის წარმოქმნისთვის, ტრადიციული სტილის შენარჩუნებით.
  5. სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები: როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული საშუალებების ინტეგრირება ტრადიციული მრავალხმიანობის სწავლების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას შემსრულებლებსა და მსმენელებში.

ეს თემა საშუალებას მისცემს სიმპოზიუმის მონაწილეებს, ჩაერთონ დისკუსიაში ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გაგების საქმეში.

 

სიმპოზიუმის ტრადიციული თემები:

  1. მრავალხმიანობის ზოგადი თეორიადა მუსიკალურ–ესთეტიკური ასპექტები

აქ გაერთიანებულია თანამედროვე კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრი.

  1. ტრადიციული მრავალხმიანობის რეგიონულისტილები და მუსიკალური ენა

ეს თემა მოიცავს როგორც დიდი, ისე პატარა რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების, მხოლოდ ერთი სოფლის მრავალხმიანი სასიმღერო სტილების სირღმისეულ კვლევებს.

  1. ტრადიციული მრავალხმიანობის შედარებითიკვლევა

ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენის გაგება შეუძლებელია შედარებითი მიდგომის გარეშე. მკვლევრებს ვთავაზობთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავებას.

  1. ტრადიციული მრავალხმიანობის სოციოლოგიურიასპექტები: შემსრულებლები და მსმენელები; სქესი, ასაკი, იდენტობა

ამ თემაში გაერთიანებულია ტრადიციული საზოგადოების სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. პრობლემები განხილულია როგორც თანამედროვე ცხოვრების, ისე ისტორიულ პერსპექტივაში.

  1. მრავალხმიანობა საერო დასასულიერო მუსიკაში

აქ მოიაზრება ტრადიციული მრავალხმიანობისა და პროფესიული მრავალხმიანობის ადრეულ ფორმების ურთიერთქმედება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ასევე მისაღებია თემები სხვა რეგიონებსა და ეპოქებზე.

  1. ტრადიციული ინსტრუმენტული მრავალხმიანობა

მართალია, სიმპოზიუმის ძირითადი თემა ვოკალური მრავალხმიანობაა, მაგრამ აქ შეიძლება განხილული იყოს ინსტრუმენტული მრავალხმიანობა და ვოკალური და ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტი.

  1. მსოფლიო მუსიკა დატრადიციული მრავალხმიანობა

„მსოფლიო მუსიკა“ გამოხატავს სხვადასხვა კულტურის სწრაფვას ჰარმონიზაციისკენ. „გლობალური სოფლის“ იდეა მუსიკის უნივერსალურ ხასიათს ადასტურებს. დაინტერესებული ადამიანები ტრადიციულ სიმღერას ადგილზე სწავლობენ; ტრადიციულ მომღერლებს სწავლების მიზნით სხვა ქვეყნებში იწვევენ. რას ვკარგავთ, ან ვიძენთ ამ პროცესში?

 

მრგვალი მაგიდა:

ტრადიციული მუსიკის სოციალური ფუნქცია თანამედროვეობაში

ტრადიციული მუსიკა, რომელიც ოდითგანვე ადამიანთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, არც თანამედროვე ეპოქაში კარგავს აქტუალობას, თუმცა განსხვავებულ სოციალურ დატვირთვას იძენს. მისი სოციალური ფუნქცია სწრაფად იცვლება და მრავლისმომცველი ხდება, როგორც თავად რეალობა, რომელშიც ეს მუსიკა არსებობს.

დღეს ტრადიციული მუსიკა გვხვდება ყველგან – მუსიკის თერაპიაში, კულტურულ ტურიზმში, მედიაში, სოციალურ მედიასა და მარკეტინგში, ტრანსფორმირებულ სუფრაზე, პროფესიულ სწავლებაში და ა.შ. მოსახლეობის გააქტიურებული მიგრაციის პირობებში, ახალ კულტურულ და გეოგრაფიულ სივრცეში, ის იქცა იდენტობის მძლავრ ნიშნად.

ყოველივე ამან მნიშვნელოვნად გააფართოვა ტრადიციული მუსიკის სოციალური ფუნქციის არეალი, რაც ახალ ეთნომუსიკოლოგიურ კვლევებშიც აისახება. მრგვალ მაგიდაზე გვსურს, სწორედ ამ განახლებული პერსპექტივიდან ვიმსჯელოთ ტრადიციული მუსიკის სოციალურ ფუნქციაზე.

წინადადებები

საპროგრამო კომიტეტი გთავაზობთ მოგვაწოდოთ ინდივიდუალური, საპანელო, ან მრგვალი მაგიდის სხდომაზე წარმოსადგენი თემები:

  • ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის1;
  • საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
  • მრგვალი მაგიდის ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4 მომხსენებლისა (თითოეული 10-წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.

 

თეზისები, მოკლე ბიოგრაფია და სრული მოხსენებები

თეზისები და მოკლე ბიოგრაფია: ორივე ტექსტი არაუმეტეს 200 სიტყვისა (ივსება ელექტრონული რეგისტრაციის ფორმატში).

მოხსენებების სრული ტექსტი: არაუმეტეს 7 გვერდისაფონტი – Sylfaen, შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,5, ბიბლიოგრაფია – APA სტილით.

ელექტრონული რეგისტრაცია

ელექტრონული რეგისტრაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ორგანიზაცია, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური, თეზისები და მოკლე ბიოგრაფია) სავალდებულოა სიმპოზიუმის ყველა მონაწილისათვის.

ვადები

ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 აპრილი

სიმპოზიუმში მონაწილეობის დადასტურება: 2026 წლის 1 მაისამდე

მოხსენებების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა, თარგმნისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით: 2026 წლის 1 ივლისი

სარეგისტრაციო თანხა

მეცნიერებისთვის – 80 აშშ დოლარი

სტუდენტებისთვის – 30 აშშ დოლარი

 

დაბინავებისა და კულტურული პროგრამის ხარჯებს დაფარავს სიმპოზიუმის ორგანიზატორი მხარე.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეებისთვის დაგეგმილი აქვს ერთდღიანი კულტურული პროგრამა. პროგრამაში შედის საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულება.

თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი არ არის მხოლოდ სამეცნიერო ფორუმი  ტრადიციული მრავალხმიანობის საკითხებზე. ქართული და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანსამბლები აქ თავიანთ პოლიფონიურ მუსიკას შეასრულებენ კიდეც.

 

საპროგრამო კომიტეტი

დოქტ. რუსუდან წურწუმია (საქართველო)

დოქტ. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)

დოქტ. მაკა ხარძიანი (საქართველო)

დოქტ. თეონა ლომსაძე (საქართველო)

დოქტ. ნატალია ზუმბაძე (საქართველო)

დოქტ. ნინო ციციშვილი (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიეტუვა)

დოქტ. ქეროლაინ ბითელი (დიდი ბრიტანეთი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის

უფროსი სპეციალისტი ანა ლოლაშვილი: polyphony@tsc.edu.ge

ეთნომუსიკოლოგი იოსებ ჟორდანია: josephjordania@yahoo.com.au

 

1სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერთა შესაძლო დიდი რაოდენობის გამო განიხილება მომხსენებლისთვის თემის წარსადგენად 15 წთ-ის, ხოლო კითხვა-პასუხებისთვის 5 წთ-ის გამოყოფა.

Share it on