გამოჩენილი ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ივეტ გრიმო პირველი იყო უცხოელ მეცნიერებს შორის, ვინც 1967 წელს, პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძესთან ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა ქართული ხალხური სიმღერების ჩასაწერად. ჩხიკვაძესთან ერთად მან მოიარა საქართველოს თოითქმის ყველა კუთხე და ჩაწერა 400-მდე ნიმუში. 2008 წელს მას დაუკავშირდნენ ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე და თბილისში სამუშაოდ მყოფი საფრანგეთის მოქალაქე ზოე პერე. მოლაპარაკების შედეგად პროფესორმა გრიმომ თანხმობა განაცხადა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის გადმოეცა მის მიერ 1967 წელს ჩაწერილი მთელი აუდიო მასალა თანდართული სიტყვიერი ტექსტებით და მასთან დაკავშირებული საკუთარი სამეცნიერო გამოკვლევები ფრანგულ ენაზე სამეცნიერო საჭიროებისა და ამ მასალის შემდგომი გამოცემა-გამოქვეყნების მიზნით.