2003 წლის მარტში თბილისში გავიცანით 72 წლის მესტვირე ელგუჯა მუხიგულაშვილი. 2004 წლის სექტემბერში მოხერხდა მასთან კასპის რაიონის სოფელ თელათგორში ჩასვლა. ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ მოწყობილ მოკლევადიან ექსპედიციაში ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ტმკსც-ის მეცნიერ-თანამშრომელი ლელა მაქარაშვილი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ელგუჯა დადუნაშვილი. ვიდეომასალა კომპიუტერში დაამონტაჟა პროგრამისტმა გიორგი ცომაიამ.
ექსპედიციას კონკრეტული მიზანი ჰქონდა: სტვირის დამზადების წესების, დამზადების პროცესის დაფიქსირება და ამ საკრავზე აჟღერებული ნიმუშების ჩაწერა. სასიხარულოა, რომ ამასთან ერთად შეკრებილ იქნა საინტერესო სიტყვიერი, ეთნოგრაფიული მასალა, ხალხური რეწვის, სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშები.
დღემდე ქართლური უგუდო სტვირი ივანე ჯავახიშვილის, კახი როსებაშვილის, მანანა შილაკაძის, თინათინ ჟვანიას და ქეთევან ნიკოლაძის ნაშრომებით იყო ჩვენთვის ცნობილი. 1998 წელს საგურამოს რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები გიორგი მიჩნიგაური მსგავს საკრავს ასკილისაგან ამზადებდა. როგორც ცნობილია, ლელის ლერწამი ჩასაბერი საკრავის დასამზადებლად გამოიყენება გურიასა და სამეგრელოში (მრავალღერიანი ლარჭემი-სოინარი), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში ცნობილი იყო ამ მასალისაგან დამზადებული სალამური (აღწერილი აქვს დ. არაყიშვილს). Aამ თვალსაზრისით, ჩემს მიერ მოძიებული ლელის სტვირი აღმოჩენად შეიძლება მივიჩნიოთ.
სტვირის მასალად გამოიყენება ლელის (Phragmites Communis Trin) გამხმარი ღერო. მისი სიგრძე დაახლ. 20-21 სმ-ია, დიამეტრი 0,7-1 სმ. აქვს ათლილი ენა და ექვსი თვალი. საგულისხმოა, რომ ასკილის სტვირის მსგავსად, ზოგჯერ ისიც ორმაგი საკრავის სახით გამოიყენება. ძირითად — თვლებიან ღეროსთან ერთად მესტვირე ჩაბერავს მეორე – ენიან, შედარებით მოკლე უთვლებო ღეროს, რის შედეგადაც ბურდონული ტიპის მარტივი მრავალხმიანი დასაკრავი ყალიბდება.
ბატონ ელგუჯას სტვირზე დაკვრა ბავშვობაში მეზობელ სოფელ ლავრისხევში მწყემსისაგან უსწავლია. თვითონ ამ საკრავს ბავშვებისათვის ამზადებს და ყიდის. იყენებს მას, როგორც სასიგნალო საშუალებას. ასრულებს საჭიდაოს, საცეკვაოს, ნაცნობი სასიმღერო ნიმუშების საკრავიერ ვერსიებს. მისგან შეძენილ ლელის სტვირებს ბავშვები სასტვენად (საფეხბურთო შეჯიბრისას) და გასართობ სათამაშოდ იყენებენ.
ექსპედიციის მიერ მოძიებული მასალა, რომელიც დაახლოებით ორმოცწუთიანი აუდიო- და ვიდეომასალის სახით არის წარმოდგენილი, ე. დადუნაშვილის მიერ ფრაგმენტების სახით გამოყენებულ იქნა თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში გერმანელ და ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციისას და ტრადიციული მრავალხმიანობის II საერთაშორისო სიმპოზიუმის სხდომაზე მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას.
საბავშვო სამუსიკო საკრავები ქართულ ეთნომუსიკოლოგიასა და ორგანოლოგიაში თითქმის შეუსწავლელია. არადა, მათი მარტივი კონსტრუქცია და ყოფითი ფუნქცია საკრავიერი მუსიკის გენეზისის კვლევისას უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.