Uncategorized

ექსპედიცია ლენტეხსა და ცაგერში (სვანეთი, ლეჩხუმი), 2004



ტმკსც-მა იუნესკოს პროგრამით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში 2004 წლის ზაფხულში (16 ივლისი – 4 აგვისტო) მოაწყო ექსპედიცია ლენტეხსა და ცაგერში. ექსპედიციის წევრები იყვნენ ცენტრის თანამშრომლები: კონსერვატორიის კათედრის პედაგოგი მალხაზ ერქვანიძე და ფოლკლორის კაბინეტის გამგე ქეთევან მათიაშვილი. ამ ხნის განმავლობაში მოვიარეთ ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი: კახურა, თეკალი, ხოფური, ცანა და ხელედი.

lentexi da cageri 1

პირველივე დღეს დაბა ლენტეხში მცხოვრები 62 წლის ეთერ (შურა) ლიპარტელიანისგან ჩავიწერეთ 10-მდე სიმღერა ჭუნირის თანხლებით. ჩოლურის თემში შემავალი სოფლების მკვიდრთაგან შედგება 90-იან წლებში შექმნილი მამაკაცთა ანსამბლი “მიჟე ნარი” (“მზის ნათელი”), რომლის წევრები არიან: ვასო ბაბლუანი, ვახტანგ მუკბანიანი (47 წ.), ვალოდია ბაბლუანი (48 წ.), მამუკა მუკბანიანი (22 წ.), გერასიმე ზურაბიანი (15 წ.) და დავით მუკბანიანი (41 წ.). ანსამბლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯუმბერ მუკბანიანი (74 წ.) თავის დროზე ლენტეხის რაიონის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის წევრი ყოფილა (ხელმძღვანელი – საქართველოს დამსახურებული არტისტი ჯოკია მეშველიანი). ამ ჯგუფს შევხვდით თეკალში, ბატონი ჯუმბერის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მეუღლის გარდაცვალების გამო მგლოვიარედ მყოფი ოჯახის უფროსმა ორი წლის განმავლობაში პირველად იმღერა და ამით ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩავიწერეთ 7 სიმღერა, ამას გარდა, ვიდეოკამერით გადავიღეთ ფერხულებისა და ცეკვების ფრაგმენტები. აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ხანდაზმული ასაკის მომღერლების გვერდით დგანან ახალგაზრდები და მშობლიური სამუსიკო ფოლკლორის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. გავესაუბრეთ, აგრეთვე, ნანა ზურაბიანს (34 წ.), რომელმაც ბებიისგან გაგონილი, ნადირისაგან საქონლის დასაცავი შელოცვა გაიხსენა. 75 წლის სარა შავრიშიანმაც რამდენიმე შელოცვა გვითხრა.

ხოფურში ვეწვიეთ 74 წლის შოთა ქურასბედიანის ოჯახს. სახელდახელოდ შეკრებილი მცირე, ოთხკაციანი ჯგუფის (ბატონიშოთა, ბორის გუგავა, ამირან და გულად ლიპარტელიანები – ადრე ოთხივენი ბატონი ჯოკიას ანსამბლში მღეროდნენ) მიერ შესრულებული 5 სიმღერა ჩავიწერეთ. საინტერესოა, რომ “წმინდაო ღმერთოს” ქვემოსვანური ვარიანტი (ეს საგალობელი თბილისის ვაჟთა სამგალობლო ანსამბლებში პოპულარობით სარგებლობს) და “ალილო” მხოლოდ ქართულ ენაზე იმღერება.

lentexi da cageri 2

ხელედში ქარდავების ოჯახს ვესტუმრეთ. 83 წლის შალვამ და მისმა მეუღლემ, მაგრაფი ჩარქსელიანმა რამდენიმე სიმღერა გაჭირვებით გაიხსენეს. აქვე შევხვდით სოფლის “სტაროსტას” – 72 წლის ჯამბულ გაზდელიანს, რომლისგანაც 3-4 სასიმღერო და საკრავიერი ნიმუში (იგი კარგად უკრავს ჭუნირზე) ჩავიწერეთ. მოგვიბოდიშა – მეტს ვერ ვიტყვი, დეიდაჩემს ვგლოვობო. ლენტეხში ვესტუმრეთ ჯოკია მეშველიანის მეუღლეს, ქალბატონ ციალა გურაბანიძეს, რომელმაც გულთბილად მიგვიღო და საოჯახო არქივში დაცული მასალები გაგვაცნო.

ჩვენ საშუალება გვქონდა, ორი დღის განმავლობაში ლენტეხის კულტურის სახლში (დირექტორი – გელა გუგავა) დავსწრებოდით რაიონის სოფლების კულტ სახლებთან არსებული ანსამბლების დათვალიერებას. დათვალიერებამ ერთობ სავალალო და საგანგაშო მდგომარეობა გამოავლინა – მონაწილეები ტრადიციული ფოლკლორის მატარებლები აღარ არიან; მათი მწირი და ხშირად განმეორებადი რეპერტუარი, სავალდებულოდ ქცეული ერთი-ორი პოპულარული სასიმღერო ნიმუშის გარდა (“გოგოვ, გოგოვ შავთვალა” და “შავლეგო”), შემოიფარგლება მდარე გემოვნების საფანდურო კუპლეტებით.

რაც შეეხება ცაგერის რაიონს, მუშაობა საკუთრივ რაიონულ ცენტრსა და ახლომდებარე სოფელ ჩხუტელში მოვახერხეთ. გავიცანით ცაგერის კულტსახლთან არსებული ჯგუფი ზაზა ყურაშვილის ხელმძღვანელობით (წევრები: თამაზ კოპალიანი, სოზარ ბენდელიანი – ანსამბლ “რუსთავის” ყოფილი წევრი, ალექსანდრე გოგიძე). მათგან 8 ლეჩხუმური სიმღერა და კიდევ რამდენიმე სხვა კუთხის ნიმუში მოვისმინეთ. ხანდაზმულთა ანსამბლ “ლეჩხუმთან” შეხვედრამ დიდად გაგვახარა. გუნდი, რომელსაც 79 წლის რაფიელ კოპალიანი ხელმძღვანელობს, დაარსდა 1974 წელს. იგი მემკვიდრეა ძველი “სალხინოსი”, რომელსაც ბატონ რაფიელის მამა, დავით კოპალიანი ედგა სათავეში. “სალხინოს” წევრთაგან ახლა არცერთი აღარ არის ცოცხალი (ეს ანსამბლი 1967 წელს კონსერვატორიის პროფესორმა გრიგოლ ჩხიკვაძემ ჩაიწერა). “ლეჩხუმის” ექვსკაციანი ჯგუფის წევრების (75 წლის გუჯა ჩაკვეტაძე, 74 წლის გრიგოლ ბენდელიანი, 76 წლის ჯუმბერ საღინაძე, 68 წლის ვილგელმ კოპალიანი, 74 წლის ოთარ საღინაძე) მიზანი საკუთრივ ლეჩხუმური სიმღერების გადარჩენა და მათი მომავალი თაობებისთვის შემონახვაა. საოცარი ამბავი მოხდა: შვილის გარდაცვალების გამო რვა წლის განმავლობაში დადუმებული ბატონი რაფიელი ამღერდა – საქმეს ასე სჭირდებაო! მათი შესრულებით 32 სიმღერა დავაფიქსირეთ.

ცაგერის გვერდით მდებარე სოფელ ჩხუტელის მომღერლებმა (68 წლის შალვა კვირიკაშვილი, 73 წლის ომარ ახვლედიანი, 63 წლის ჯემალ თვარაძე, 72 წლის შალვა სვანიძე, 70 წლის დავით სვანიძე და 67 წლის გრიგოლ მეშველიანი) 8 სასიმღერო ნიმუშის გახსენება შეძლეს. ექსპედიციაში ყოფნის დროს მოვიპოვეთ ვიდეომასალაც (ლენტეხის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი – დაახლ. 70-იანი წლების ჩანაწერი; “მიჟე ნარი”, “ლეჩხუმი”), რომლებიც ტმკსც-ის არქივში იქნება დაცული.

ვფიქრობთ, აღნიშნული ექსპედიციას ნაწილობრივ დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. “მომღერალ სოფლად” ცნობილ ხელედში (და არამარტო აქ) იმედები გაგვიცრუვდა. უამრავი ადამიანი შინ არ დაგვხვდა – სათიბში იყვნენ წასულები. მრავალი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ზაფხული ფოლკლორული ექსპედიციების მოსაწყობად არახელსაყრელი სეზონია. კალენდარული სამეურნეო სამუშაოების გამო (თიბვა, მთიდან საშემოდგომოდ საქონლის ჩამორეკვა, შეშის დამზადება და სხვა) ხშირ შემთხვევაში ეთნოფორების თავმოყრა შეუძლებელი ხდება; კახურაში ერთადერთი მოსახლე, ძველი ტრადიციების მცოდნე, შინ არ დაგვხვდა; ხოფურში ხელმეორედ ასვლა და ქალებთან გასაუბრება უტრანსპორტობის გამო ვეღარ შევძელით (სამწუხაროდ, ქალთა ფოლკლორული ნიმუშების დაფიქსირება ამჯერად ვერ მოვახერხეთ, რაც ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთ ნაკლად მიგვაჩნია). არაერთი ადამიანის გვარი და მისამართი ჩავინიშნეთ და მათთან შეხვედრა სამომავლოდ გადავდეთ.

Share it on