მიმდინარე

საგრანტო პროექტი – “ეთნომუსიკოლოგიის კვლევა: ოცდაცამეტი თემა და კონცეფცია” (ქართული თარგმანი, ავტორი: ბრუნო ნეტლი)



მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულმა პროექტმა “ეთნომუსიკოლოგიის კვლევა: ოცდაცამეტი თემა და კონცეფცია” (ქართული თარგმანი, ავტორი: ბრუნო ნეტლი) მოიპოვა მაქსიმალური შეფასება და გახდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელი.

„ამერიკული ეთნომუსიკოლოგიის მამად“ წოდებული ამერიკელი მკვლევრის ბრუნო ნეტლის წიგნი “The Study of Ethnomusicology: Thirty-Three Issues and Concepts” (მესამე გამოცემა), 2015 (ილინოისის უნივერსიტეტის გამოცემა) მსოფლიოში აღიარებული სამაგიდო წიგნია ეთნომუსიკოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და ევროპაში იგი აუცილებელი ლიტერატურის სიაშია, რომელიც რეკომენდებულია სხვადასხვა საფეხურზე ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

წიგნის ქართულად თარგმანის უფლება ავტორმა და გამომცემელმა უნივერსიტეტმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მინიმალურ ფასად გადასცა. თარგმანის პროცესი სამი წლის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ “ქართული გალობის” ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა, გამოცემას კი მკითხველი რუსთაველის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი პროექტის შედეგად იხილავს.

სამეცნიერო ნაშრომის თარგმნის მიზანი თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიის პრობლემებზე ფუნდამენტური ნაშრომის გადმოქართულება იყო, რომელიც გააერთიანებდა თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიისთვის აქტუალურ საკითხებს, გახდებოდა დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის და

გააფართოებდა შესაბამისი დარგის ქართველი სპეციალისტების ცოდნასა და თვალსაწიერს.

 

Share it on