მრავალხმიანობის კერები

ჩრდილოეთ ამერიკა



საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკელ ინდიელებს ერთხმიანი სასიმღერო ტრადიციები გააჩნიათ. მიუხედავად ჯგუფური მღერის ძლიერი ტრადიციისა, ინდიელთა მუსიკა მონოდიურია (სოლო, უნისონი და თავისუფალი ჰეტეროფონია).

ბრუნო ნეტლის მოკლე, მაგრამ ინფორმაციულად დატვირთულ სტატია (1961) ამ საკითხის ირგვლივ ბევრ მონაცემებს გვაძლევს და გვაიძულებს შევიცვალოთ შეხედულება ამ საკითზე. კერძოდ, მაგალითად, ჩრდილი ამერიკის ტერიტორიის ორი ოლქი – ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ სანაპირო საკმაოდ მდიდარია ინფორმაციით ინდიელების მრავალხმიანობის შესახებ. ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ინდიელები (განსაკუთრებით ნუტკა და სელიშის ტომები) იცნობდნენ მრავალხმიან სიმღერას და ხშირად იყენებდნენ ბურდონულ მრავალხმიანობას. ამასთანავე, ბურდონი შეიძლება ყოფილიყო როგორც ზედა ასევე ქვედა ხმის როლში.

ჰელენ რობერტსის თანახმად, ნუტკას ტომში მამაკაცებსა და ქალებს ერთად მღერის ტრადიცია გააჩნდათ. ამ დროს მამაკაცებს მიჰყავდათ მელოდია, ქალები კი მიყვებოდნენ მათ კვარტით ან ოქტავით ზევით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნუტკას ტომში იცნობდნენ მრავალხმიან მღერას საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. ეს საკითხები განიხილებოდა აგრეთვე 1967 წლის “ეთნომუსიკოლოგთა საუკუნის სემინარზე” იდა ჰალპერნის მიერ. 

ადგილობრივი მრავალხმიანობის გავრცელების არე გვხვდება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზეც. ჩრდილო აღმოსავლეთში მრავალხმიანობა ძირითადად ბურდონულია. რობერტსი ახსენებს სიმღერებს, რომელიც სრულდება მომღერალთა ჯგუფის მიერ. მათგან ნაწილი ასრულებს მთავარ მელოდიას, ნაწილი კი ბანს (რობერტსი, 1936:7). მენომინის ტომში იყენებდნენ ბურდონს, “რათა მომღერლებს დახმარებოდნენ” (დენსმორი, 1939:26). დელავერის და ფოქსის ტომის ინდიელები აგრეთვე იყენებდნენ ბურდონს (ბეიკერი, 1882:14)

ჩრდილო ამერიკელი ინდიელების შესახებ ზემოთნათქვამის დაჯამებისას შედეგად ნეტლი წერს, რომ მის მიერ განხილული 6 ოლქიდან “მხოლოდ ორში–დიდ ბასეინში და ატაპასკებს შორის არ არის არავითარი მონაცემები მრავალხმიანობის გამოყენების შესახებ” (ნეტლი, 1961:360).

დასკვნით ნაწილში ნეტლი განიხილავს მრავალხმიანი ტრადიციების გავრცელებისზოგად სურათს ჩრდილოამერიკელ ინდიელებს შორის და ორ შესაძლო ისტორიულ ახსნას გვთავაზობს:

  1. მრავალხმიანობის ტრადიციები ოდესღაც გაცილებით ფართოდ შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი ინდიელთა შორის და დღეს არსებული მრავალხმიანობის ელემენტების მქონე იზოლირებული რაიონები სხვა არაფერია, თუ არა ამ ძველი ტრადიციების ნარჩენები.
  2. ევროპელებთან პირველი კონტაქტის მომენტისათვის ინდიელები რთული მრავალხმიანი სტილის შექმნის ზღურბლზე იმყოფებოდნენ (ნეტლი, 1961:362).
Share it on