თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრსა და 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.
ქისტების ტრადიციული მუსიკა
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქისტების ტრადიციული მუსიკა“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).
ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი
2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.
ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.
გრიმო და ქართული სიმღერა
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „გრიმო და ქართული სიმღერა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.
ESEM-2017-ის მოხსენებათა კრებული
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა ESEM-ის წარმომადგენლებთან ერთად უკვე დაიწყო ESEM-2017-ში მონაწილე მეცნიერების მოხსენებათა ინგლისურენოვან კრებულზე მუშაობა, რომლის გამოცემაც 2018 წელსაა დაგეგმილი.
ESEM კონფერენცია
2017 წლის 5-9 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (ტმკსც) უმასპინძლა ეთნომუსიკოლოგიის ევროპულ სემინარს – ESEM-2017.
VIII სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა უკვე დაიწყო VIII საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების მოხსენებათა ორენოვან კრებულზე მუშაობა, რომლის გამოცემაც 2018 წელსაა დაგეგმილი. გამოცემის რედაქტორები არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რუსუდან წურწუმია და პროფესორი იოსებ ჟორდანია. კრებული კარგად წარმოაჩენს მრავალხმიანობის კვლევის თანმედროვე მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, ისევე, როგორც ქართველ მეცნიერთა ძიებებს მშობლიური მრავალხმიანი სიმღერა-გალობის კვლევის სფეროში.
ივეტ გრიმო და საქართველო
გამოჩენილი ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ივეტ გრიმო პირველი იყო უცხოელ მეცნიერებს შორის, ვინც 1967 წელს, პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძესთან ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა ქართული ხალხური სიმღერების ჩასაწერად. ჩხიკვაძესთან ერთად მან მოიარა საქართველოს თოითქმის ყველა კუთხე და ჩაწერა 400-მდე ნიმუში. 2008 წელს მას დაუკავშირდნენ ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე და თბილისში სამუშაოდ მყოფი საფრანგეთის მოქალაქე ზოე პერე. მოლაპარაკების შედეგად პროფესორმა გრიმომ თანხმობა განაცხადა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის გადმოეცა მის მიერ 1967 წელს ჩაწერილი მთელი აუდიო მასალა თანდართული სიტყვიერი ტექსტებით და მასთან დაკავშირებული საკუთარი სამეცნიერო გამოკვლევები ფრანგულ ენაზე სამეცნიერო საჭიროებისა და ამ მასალის შემდგომი გამოცემა-გამოქვეყნების მიზნით.
ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში 1916-1918 წლებში
2014 წელს განხორციელდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამ-არქივის ერთობლივი პროექტი „ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში 1916-1918 წლებში“. პროექტზე მუშაობდნენ ორივე ინსტიტუციის თანამშრომლები ნინო ნაკაშიძე, ნინო მახარაძე, მაია კაჭკაჭიშვილი, კარსტენ ნოიბერტი, ალბრეხტ ვიდმანი, ემილი შალკი, გამოცემის რედაქტორები – პროფ. რუსუდან წურწუმია და პროფ. სიუზან ციგლერი.
გამოცემა მოიცავს წიგნსა და ორ დისკს. წიგნი მოგვითხრობს ჩაწერის ისტორიულ წანამძღვრებსა და საკუთრივ, მის ისტორიაზე, პროექტის მნიშვნელობაზე ქართული კულტურისათვის და მასზე მუშაობის პროცესზე. რაც ეხება აუდიომასალას, CD I შეიცავს 65 აუდიონიმუშს პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ბერლინის სახელმწიფო მუზეუმში შემავალი ეთნოლოგიური მუზეუმის ბერლინის ფონოგრამარქივში დაცული 90 სიმღერიდან, ხოლო CD II – ორიგინალურ წერილობით დოკუმენტებს ყველა იმ 84 ნიმუშთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ხმოვან არქივში არსებობდა გარკვეული აღწერითი ინფორმაცია.