დასრულებული

ESEM კონფერენცია



2017 წლის 5-9 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (ტმკსც) უმასპინძლა ეთნომუსიკოლოგიის ევროპულ სემინარს – ESEM-2017.

ჩვენი კულტურული ცხოვრების ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ეს სემინარი დასტურია იმისა, რომ ჩვენ უკვე ვართ დიდი ევროპული ოჯახის წევრები და, ასევე, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ქართული ეთნომუსიკოლოგიის დაახლოების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეს კი ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

European Seminar in Ethnomusicology (ESEM) – ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი ამ დარგის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1981 წელს ცნობილი ბრიტანელი ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ჯონ ბლექინგის (John Blacking, 1928–1990) მიერ დაარსდა, როგორც ეთნომუსიკოლოგების ევროპული კავშირი (თუმცა დღეს აერთიანებს მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან). ESEM ასევე ფუნქციონირებს, როგორც ეთნომუსიკოლოგიის სფეროში არსებული სიახლეების, მიმდინარე ღონისძიებებისა და თანამედროვე გამოცემების ურთიერთგაზიარების პლატფორმა. ESEM-ის მიერ ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური ეთნომუსიკოლოგიური მოვლენა მისი ყოველწლიური სემინარია, რომელიც კონფერენციის ფორმატით, ტრადიციულად, ევროპის რომელიმე ქვეყანაში იმართება. სხვადასხვა დროს სემინარი ჩატარდა ევროპის 32 ქვეყანაში. ყოველწლიური ESEM სემინარი, როგორც წესი, ეძღვნება ეთნომუსიკოლოგიის ყველაზე ატუალურ პრობლემებს და მას, ჩვეულებრივ, უნივერსიტეტები მასპინძლობენ.

2017 წელს სემინარის მასპინძელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გახდა და ESEM-2017 სწორედ კონსერვატორიის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი იუბილეს ფარგლებში ჩატარდა. სემინარისათვის მზადება გასული წლის ბოლოდან მიმდინარეობდა ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, რომელსაც ტმკსც-ის დირექტორი, დრ. ემერ. პროფესორი რუსუდან წურწუმია ხელმძღვანელობდა. ვინაიდან ტმკსც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრია, ჩვენი ევროპელი კოლეგები კარგად იცნობენ ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებს, რომელსაც 2002 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ მართავს კონსერვატორია. ESEM-2017-ის არა ერთი მონაწილე უკვე ყოფილა სიმპოზიუმის სტუმარი, რამაც ბუნებრივია, ხელი შეუწყო სემინარის ჩატარების ადგილად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არჩევას.

ESEM-2017-ის თემა იყო „ეთნომუსიკოლოგია 21-ე საუკუნეში“. მასზე წარმოდგენილი მოხსენებები შემდეგი სამი თემატიკის გარშემო ერთიანდებოდა: 1. „ეთნომუსიკოლოგია 21–ე საუკუნეში: ახალი კვლევა და მეთოდები“; 2. „კეთილი იყოს მეორე მსოფლიოში მობრძანება: ეთნომუსიკოლოგია პოსტკომუნისტურ ქვეყნებში“ და 3. „საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკა: ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის მრავალი სახე“. შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯერ კიდევ არსებული განსხვავება დასავლურ და აღმოსავლურ (განსაკუთრებით, ყოფილი სსრკ ქვეყნები) ეთნომუსიკოლოგიურ სკოლებს შორის. უწინდელი რკინის ფარდა დღეს თანდათანობით ჩაანაცვლა ფინანსურმა და ლინგვისტურმა ბარიერებმა – კონფერენციებსა და სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობისათვის ფინანსური ხელშეწყობა კვლავაც საჭიროა და სამეცნიერო ნაშრომების თარგმნის აუცილებლობა ორივე მსოფლიოში მძაფრად იგრძნობა.

სემინარში მონაწილე ეთნომუსიკოლოგებმა განიხილეს თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ტრადიციული მუსიკის   კომერციალიზაცია, საავტორო უფლებების დაცვა, ტრადიციული მუსიკის შემსრულებლების კონკურსები, მასში პროფესიული ჟიურის როლი და პრესტიჟული და/თუ ფულადი ჯილდოების გაცემის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

აქტიური დისკუსია გამოიწვია პოპულარული მუსიკის სტილების შერწყმის შედეგად წარმოქმნილმა ფოლკ–პოპ მუსიკის თანამედროვე ჰიბრიდულმა ფორმებმა, მუსიკაში გენდერისა და ლგბტ–ს საკითხების კვლევამ. უკანასკნელ ათწლეულებში ამ პროცესების შესახებ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მთელს ევროპაში.

აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვან ESEM სემინარში მონაწილე მსოფლიოს 19 ქვეყნის 51 მეცნიერიდან 8 ქართველი იყო, რაც საერთაშორისო სამეცნიერო წარმომადგენლობის მიერ საგანგებოდ აღინიშნა. საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დ-რი თამაზ გაბისონია და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტები სოფიკო კოტრიკაძე და ნინო ნანეიშვილი. ტმკსც-ის ხელმძღვანელის, ემერ. პროფ. რუსუდან წურწუმიასა და ცენტრის სპეციალისტების (ნინო რაზმაძე, ბაია ჟუჟუნაძე, თეონა ლომსაძე) მიერ წარმოდგენილი პანელის „ახალი მიდგომები ქართულ ენომუსიკოლოგიაში“ შემდეგ, ESEM-ის პრეზიდენტმა, შვეიცარიელმა ეთნომუსიკოლოგმა, პროფესორმა ბრიტა სვიირსმა საგანგებო მადლობა გადაუხადა მონაწილეებს: „დიდი მადლობა ამ ბრწყინვალე პანელისათვის. შევამჩნიე, რომ ყოველი თქვენთაგანი იყენებს ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურას თავის კვლევაში, შთამბეჭდავია როგორ ახდენთ თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომების ინტეგრირებას“, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეთნომუსიკოლოგმა რაზია სულთანოვამ კი შემდეგნაირად შეაფასა წარმოდგენილი პანელი: „აღფრთოვანებული ვარ თქვენი არაჩვეულებრივი პანელით, გილოცავთ. თქვენი კვლევისა და თქვენი ეთნომუსიკოლოგიური სკოლის დონე ნამდვილად შთამბეჭდავია“.

სამეცნიერო ნაწილის გარდა ESEM-2017-ის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. სემინარის საზეიმოდ გახსნას წინ უძღოდა ქართული და იტალიური ტრადიციული მუსიკის კონცერტი. სამეცნიერო ფორუმის პირველ დღეს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტრადიციული მუსიკის გალა კონცერტი და საზეიმო მიღება გაიმართა. სემინარის მონაწილეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდნენ შემდგომ დღეებში შემოთავაზებულ რაჭული და გურული სიმღერის ვორქშოპებს და სტუმრებისთვის დაგეგმილ კულტურულ დღეს მცხეთასა და ანანურში, რამაც ქართველი და უცხოელი მეცნიერების ურთიერთდაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

თბილისში გამართული ESEM-2017 ევროპული ეთნომუსიკოლოგიური საზოგადოებისათვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა, იმდენად, რამდენადაც ESEM-ის ყოველწლიურ შეხვედრას პირველად უმასპინძლა პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ. ის ფაქტი, რომ ESEM-2017-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2018 წლის სემინარის მასპინძლად ასევე ყოფილ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა – ლატვიაში აირჩიეს, ამტკიცებს, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხმა უფრო და უფრო ჟღერადი ხდება ევროპული ეთნომუსიკოლოგიის საერთო გუნდში.

Share it on