მსოფლიო



ტერმინი “ახლო აღმოსავლეთი” აერთიანებს სამი კონტინენტის ნაწილებს: დასავლეთ და ცენტრალურ აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას და ევროპის პატარა ნაწილს (ესაა თურქეთის ევროპული ნაწილი). გარლანდის მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში ახლო აღმოსავლეთი მოიცავს ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთი აფრიკიდან (მაროკოდან) ყაზახსტანამდე და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთამდე. ესა ძირითადად მონოდიური ვოკალური მუსიკის მქონე რეგიონი, სადაც მრავალხმიანობას იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით.

მარგალიტის მაძიებლები სპარსეთის ყურედან

მარგალიტის მაძიებელ მყვინთავებს სპარსეთის ყურედან ამ უზარმაზარ რეგიონში (ახლო აღმოსავლეთში) ყველაზე მნიშვნელოვანი ვოკალური მრავალხმიანი ტრადიცია გააჩნია. ეს ტრადიცია ყველაზე მეტად ცოცხალია კუნძული ბახრეინზე. მყვინთავთა მრავალხმიან სიმღერებს ეწოდება “ნაჰმა”. მათ მღერიან, როდესაც ნავები გადიან ზღვაში და მყვინთავები იწყებენ მარგალიტისათვის ყვინთვას სპარსეთის ყურეში (რაც ზვიგენების გამო ფრიად საშიში საქმიანობაა). ამ სიმღერების ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა განსაკუთრებულად დაბალი ბურდონული ბანი – “ჰამ-ჰამა” (ორი ოქტავით დაბალი მთავარ მელოდიაზე), როდესაც ყველა ერთად მღერის.

Read More



იტალია შედგება ოთხი მთავარი ოლქისაგან: 1. ჩრდილოეთ იტალია, 2. ცენტრალური იტალია, 3. ხმელთაშუაზღვისიპრეთის სამხრეთი და სიცილია, და 4. სარდინია.

ვოკალური მრავალხმიანობა ფართოდაა გავრცელებული ამ ოთხიდან სამ ოლქში: ჩრდილოეთში, ცენტრალურ იტალიასა და სარდინიაში. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სამხრეთი ნაწილი ძირითადად მონოდიურია, გეოგრაფიულად იზოლირებულ სიცილიაში (რომელიც სამხრეთ იტალიის ნაწილია) არის ვოკალური მრავალხმიანობის ტრადიციები. ჩრდილოეთ იტალიის (ალპების) სასიმღერო სტილი ღია და რბილია, რიტმი მკვეთრია. ისევე როგორც ბევრ სხვა მრავალხმიან კულტურაში, საგუნდო შესრულებაში მსმენელიც არის ჩათრეული. ალპიურ ზონაში საგუნდო ჯგუფების არსებობა მრავალხმიანი სიმღერის დამადასტურებელი საბუთია. 1973 წელს რობერტო ლეუდის მიერ გამოცემულ წიგნებში “იტალიური ხალხური სიმღერები” მოცემულია მრავალხმიანი სიმღერის უამრავი ნიმუში.

Read More



პორტუგალია

პორტუგალიის ვოკალური მრავალხმიანობა გვხვდება ერთმანეთისაგან იზოლირებულად ოტ რეგიონში – სამხრეთსა და ჩრდილოეთში. მრავალხმიანი ტრადიციები, ძირითადად დაკავშირებულია ევროპულ-ჰარმონიულ სისტემასთან. ორი, სამი და ოთხმიანობა პორტუგალიაში დაფუძნებულია ტრადიციულ ჰარმონიაზე და ტერციების პარალელიზმზე.

პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში იციან მელოდიების შემკობა მელიზმებით, რაც სრულიად უცხოა ჩრდილოეთის რეგიონალური სტილისათვის. ჩრდილო-პორტუგალიაში მრავალხმიან სიმღერებს ასრულებენ ქალები, სამხრეთში კი (ალენტეჟუს რეგიონში) მრავალხმიანობა უმეტესად მამაკაცთა რეპერტუარში გვხვდება.

Read More



საფრანგეთი, ტრადიციული მრავალხმიანობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მონოდიური ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში. მრავალხმიან ელემენტებს ვხვდებით მხოლოდ პერიფერიებში, სადაც მოსახლეობისა და კულტურის ძველი ფენებია შემორჩენილი. ჰეტეროფონიის ელემენტები დაფიქსირებულია ბრეტონის საცეკვაო სიმღერებში.

ისტორიულ წყაროებში შემორჩენილია ინფორმაცია ბრეტონის წარმართული რიტუალების, სიმღერებისა და ცეკვების მუსიკალური ტრადიციების შესახებ. ასე მაგალითად: წმ. იოანეს დღესასწაულის წინ შესასრულებელი იყო რიტუალური ცეკვა (ცეცხლის გარშემო), რომელიც მიუხედავად მრავალი აკრძალვისა, მაინც შემორჩა ხალხის მეხსიერებაში. ბრეტონულ და მეზობელ რეგიონებში გავრცელებულია სასიმღერო სტილი “ტუილაჟი”, სადაც ორი ხმა (მომღერალი – “კანერი” და მისი მოპასუხე მომღერალი – “დისკანერი”) მღერიან მონაცვლეობით ან ერთდროულად.

Read More

4swiss-folk_6423


შვეიცარია ცენტრალური ევროპის მეორე უნიშვნელოვანესი მრავალხმიანი ქვეყანაა. ევროპულ კლასიკურ ჰარმონიასა და იოდლზე დამყარებული მრავალხმიანი საგუნდო სიმღერით, შვეიცარიის მრავალი რაიონი (განსაკუთრებით შვეიცარიის გერმანული ოლქები), უახლოვდება ავსტრიულ მრავალხმიანობას. შვეიცარიის გერმანული ნაწილი ყველაზე მრავალხმიანია, ცნობილია იოდლისა და ტრადიციული მრავალხმიანობის სხვადასხვა რეგიონალური სტილებითა და სიმღერის ფესტივალების ისტორიით, რომელთაგან პირველი 1825 წელს ჩატარდა.

სავარაუდოდ, იოდლით სიმღერის ყველაზე არქაული სტილი დღემდე შენარჩუნებულია მუოტატალის რეგიონში, სადაც ის ცოცხალია სულ რამოდენიმე ოჯახში (სახელწოდებით “ჯუუზ”, ჯუუზლი”). შვეიცარიის იტალიურ ნაწილში წარმოდგენილია პარალელური ტერციების მრავალხმიანობა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მთელს ალპიურ ზონაში. მონაცემების თანახმად, შვეიცარიის ფრანგული ზონა ყველაზე მონოდიურია ქვეყანაში და ცოტათი თუ განსხვავდება უშუალოდ ფრანგული ტრადიციული მუსიკისაგან.

შვეიცარიული მრავალხმიანი იოდლის მაგალითი  



ავსტრია მრავალხმიანობის გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანაა ცენტრალურ ევროპაში. ავსტრიული ხალხური მუსიკა გამოკვეთილად დიატონურია. ტიროლური იოდლი არაა უნიკალური ტრადიცია, მაგრამ, ალბათ ევროპის ცენტრში არსებობის გამო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში. ისიც უნდა ითქვას, რომ ყველამ არ იცის, რომ იოდლი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ალპების რეგიონის მრავალხმიან სასიმღერო ტრადიციასთან (ის ერთ-ერთი ხმაა მრავალხმიანობაში). ზალცბურგი – მოცარტის დაბადების ადგილი, ავსტრიის მთიანი რეგიონის ნაწილს წარმოადგენს და ისევე როგორც ზალცკაერგუტი და ახლომდებარე ტბები – ეს მიდამოები მრავალხმიანი სასიმღერო ტრადიციებითა და იოდლის ხელოვნებით არის გამორჩეული.

ავსტრიელი ეთნომუსიკოლოგის (ამჟამად ცხოვრობს ავსტრალიაში) ფლორიან მესნერის აზრით, ალპური მრავალხამინობის საინტერესო სტილი იკვეთება კორინთიაში – სამხრეთ ავსტრიაში. 5-ხმიანი მამაკაცთა სიმღერები ჯერ კიდევ შემონახულია ამ მიდამოებში, თუმცა ორიგინალური მრავალხმიანი ჰექსაქორდული სტილი შეიცვალა მე-19 საუკუნის კლასიკური ჰარმონიის სტილმა. ქალთა რეპერტუარში არსებობს სამხმიანი სიმღერები, ხოლო შერეულ გუნდებში ოთხი და ხუთხხმიანი სიმღერის საშემსრულებლო სტილიც გვხვდება.

Read More



მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ტრადიციული მრავალხმიანობა არ არის კარგად წარმოდგენილი ისტორიულ წყაროებში, ერთად სიმღერა გერმანული ტრადიციული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ფოლკლორულ მუსიკაში მსმენელების უმრავლესობა აგრეთვე მონაწილეობენ შესრულებაში. ისინი მღერიან, ღიღინებენ, ცეკვავენ, და საერთოდ აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთო მხიარულებაში და ხმოვანებაში.

არსებობს რამდენიმე არაპირდაპირი მინიშნება შუა საუკუნეების გერმანული მრავალხმიანობის თაობაზე. ერთ-ერთის მიხედვით ზალცბურგელი ბერი ჰერმანი მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში ქმნიდა ბურდონული მრავალხმიანობის რამდენიმე ნიმუშს, რითაც ცდილობდა ხალხურ ტრადიციაზე დაყრდნობით ახალი სტილის შექმნას.

არსებობს სხვა შემთხვევაც: კომპოზიტორი ოლვალდ ფონ ვოლკენშტეინ

Read More



პოლონეთი

ჩვენთვის მისაწვდომი მასალების თანახმად, პოლონური ტრადიციული მრავალხმიანობის გავრცელების მთავარი რეგიონია ქვეყნის მთიანი სამხრეთი ნაწილი. იქ იყო დაფიქსირებული ორხმიანობა პარალელური ტერციებითა და კვინტებით, ლიდიური კილოს ელემენტებით. კარპატებში ნაპოვნია მრავალხმიანი სიმღერები, “სადაც ერთი შემსრულებელი იწყებს სიმღერას, დანარჩენები აგრძელებენ, ხოლო ნაწილი კი უმღერის მელოდიას ქვედა ხმას”.

დალიგის მიხედვით, აქ გავრცელებულია ჰეტეროფონური ორხმიანობა, სადაც თითოეული ხმა ჯგუფურად სრულდება. ხმების რაოდენობა შესაძლებელია სამიც იყოს. ევროპული პროფესიული მუსიკის გავლენა მძლავრად აქაც იგრძნობა პარალელურ ტერციების სიმრავლეში და ე.წ. კლასიკური მუსიკისათვის დამახასიათებელი “შემავალი ტონის” არსებობაში.

Read More



ინგლისი

ბოლო 100 წლის მანძილზე ინგლისში არსებულ სასიმღერო სტილებზე დიდი გავლენას მოახდეინა ევროპულმა პროფესიულმა მრავალხმიანობამ, ამიტომ აქ დღეს ფაქტიურად აღარ არის შემორჩენილი ევროპული პროფესიული მუსიკალური კულტურის გავლენისაგან თავისუფალი უძველესი ფენები. საბედნიეროდ, ამ რეგიონიდან ისტორიული წყაროები საკმაოდ მდიდარია, და ირკვევა, რომ შუა საუკუნეებში ბრიტანეთის კუნძულების ქვეყნებსა და ინგლისში ფართოდ ყოფილა გავრცელებული ადგილობრივი მრავალხმიანი სიმღერის ტრადიცია.

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინგლისური (და ფაქტიურად ჩრდილოეთ-ევროპის) მრავალხმიანობის შესახებ ეკუთვნის ჰერალდ დე ბარის (რომელსაც ხშირად იხსენიებენ როგორც ჰერალდ კამბრენსისს. არაყიშვილი ახსენებს მას როგორც ჰერალდ დე ბარის). მისი ცნობები მოიცავს დაახლოებით 1180 – 1200 წლების ინგლისის ცხოვრების აღწერას. მან დაწვრილებით აღწერა ჩრდილოეთ ინგლისისა და უელსის სასიმღერო ტრადიციები. ის თვლიდა, რომ ბრიტანელებმა ვოკალური მრავალხმიანობა გადმოიღეს დანიელებისა და ნორვეგიელებისგან. გაცილებით უფრო გვიანდელი ისტორიული წყაროებიდან ვიცით, რომ ინგლისში არსებობდა მრავალხმიანი სიმღერის საინტერესო სტილი – “გლიის სიმღერა” (სიტყვასიტყვით – “აღფრთოვანების სიმღერა”). ეს იყო სამი ან მეტხმიანი არაპროფესიული სასიმღერო ტრადიცია ინსტრუმენტული თანხლების გარეშე. 

Read More



ჰერალდ კამბრენსისის თანახმად, შუა საუკუნეების ჩრდილოეთ-ევროპაში, სკანდინავიიდან – ისლანდიამდე გაშლილ ტერიტორიაზე დანია და ნორვეგია წარმოადგენდა მრავალხმიანი ვოკალური ტრადიციის გავრცელების ყველაზე გავლენიან ცენტრებს. სამწუხაროდ, მომდევნო საუკუნეების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოგვეპოვება, თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ ნორვეგიულ მუსიკაში დღესაც გვხვდება გადიდებული კვარტები, პარალელური კვინტები და ოქტავები, გაბმული პედალის ჰამოყენების შემთხვევები და ასიმეტირული რიტმები.