ბერძნული მრავალხმიანობის არსებობის შესახებ მსოფლიომ გაიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იან წლებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ საბერძნეთი ძირითადად განეკუთვნება მონოდიური კულტურის მქონე ქვეყნების რიცხვს. თუკი ალბანეთში მრავალხმიანი ტრადიციების მქონე არეალები ქვეყნის ნახევარზე მეტს მოიცავს და კომპაქტურადაა განლაგებული, (განსაკუთრებით სამხრეთის რეგიონში), საბერძნეთში მრავალხმიანობის ტრადიციას ვაწყდებით მხოლოდ პერიფირიაზე: შორეულ ჩრდილოეთში (უფრო ზუსტად, ჩრდილო-დასავლეთში – ეპირის მთებში), და სამხრეთ-აღმოსავლეთში, კუნძულ როდოსზე.
მრავალხმიანობის მხრივ ორივე რეგიონი ტიპოლოგიურად მსგავსია. ბალკანეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, მრავალხმიანობის წამყვანი ფორმა აქაც ბურდონული ორ და სამხმიანობაა. მელოდიური ხაზი იმღერება ცალფად, ბანი- გუნდურად.