დაბ. 12. 15. 1945. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პროფესორი. ორი ათეული წელია ამავე კონსერვატორიაში უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა, ამჟამად ხელმღვანელობს ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ძველი და ახალი ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიას, მისი თვითმყოფადობისა და ღირებულებითი ორიენტაციების საკითხებს, კომპოზიტორის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების, ძველი ქართული საერო და სასულიერო მუსიკის ურთიერთმიმართებისა და ფოლკლორის სოციოლოგიის პრობლემებს.
იოსებ ჟორდანია
დაბ. 12. 02. 1953 წ. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ტმკსც-ის საზღვარგერეთული ბიუროს ხელმძღვანელი. მელბურნის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარი. ფუმიო კოიცუმის სახელობის პრიზის ლაურეატი (2010) (ეს პრიზი იოსებ ჟორდანიას მიენიჭა ხალხური მრავალხმიანობის კვლევასა და მრავალხმიანობის წარმოშობის ახალი მოდელის შემუშავებაში).
1978 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით, 1981 წ. კი ასპირანტურა პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით. იყო ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი და მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტიროლოგიის სამეცნიერო ცენტრის მუსიკის სექციის გამგე. საკანდიდატო დისერტაცია: “მოდულაცია აღმოსავლეთ საქართველოს ბურდონულ სიმღერებში” (1982), სადოქტორო დისერტაცია “Грузинское традиционное многоголосие в международном контексте многоголосных культур” (1991) კიევის სახელმწიფო კონსერვატორია.
იოსებ ჟორდანიას აქტიურმა სამეცნიერო მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა ხალხური მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბებაში. იოსებ ჟორდანია არის ოთხი მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მესამე, ორტომიანი მონოგრაფია მალე გამოიცემა პორტუგალიაში).
ნატალია ზუმბაძე
დაბ. 07. 02. 1957. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კონსულტანტი. კონსერვატორიის სტუდენტური ანსამბლის ხელმძღვანელი. ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ “მზეთამზეს” წევრი. მონაწილეა მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმისა (საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, პორტუგალია, იტალია). 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია უმთავრესად ქართული ხალხური მუსიკის სწავლებას, ფოლკლორულ შემსრულებლობას და ქალთა ტრადიციულ სიმღერებს ეძღვნება. თბილისის კონსერვატორიაში მიჰყავს ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების სალექციო და სპეციალობის კურსები. აქტიურად მუშაობს ფოლკლორის შემკრებლობით და საშემსრულებლო სფეროებში. ატარებს მასტერკლასებს საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის უნივერსიტეტებსა და კონსერვატორიებში, პროფესიონალთა და მოყვარულთა ანსამბლებთან. არის პროექტის ავტორი და წამყვანი “ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციული შემსრულებლობისადმი მიძღვნილი სასწავლო-საგანმანათლებლო ლექცია-კონცერტების” სერიისა. დაკავებულია საგამომცემლო-სარედაქტორო საქმიანობით.
ნინო კალანდაძე-მახარაძე
დაბ. 25. 07. 1957. ეთნომუსიკოლოგი. მუსიკოლოგიის დოქტორი (2009), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორის ლაბორატორიის სპეციალისტი, ქალთა ფოლკლორული ანსამბლის „მზეთამზის“ თანადამაარსებელი და წევრი. იკვლევს ქართული ტრადიციული მუსიკის სემანტიკის პრობლემებს, საბავშვო და ბავშვთა ფოლკლორს, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ პარალელებს. მონაწილეობს რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სხვადასხვა პროექტში; არის ფოლკლორისტული ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს ტრადიციული მუსიკის სანოტო კრებულები, დისკები, მონოგრაფიები ქართველ ლოტბარებზე (წიგნმა „პოლიკარპე ხუბულავა“ 2015 წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის ნომინაციაში გაიმარჯვა). აქვს უცხოეთში ქართული ხალხური სიმღერის სწავლების გამოცდილება.
თამაზ გაბისონია
დაბ. 23.09.1962. მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის სტუდენტური ხალხური გუნდის ხელმძღვანელი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დეკანი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტის სპეციალობით, აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ფორმები”. გარდა ტრადიციული მრავალხმიანობის საკითხებისა, მისი კვლევის ძირითადი სფეროში შემოდის ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის შემსრულებლობისა და ურთიერთმიმართების საკითხები. მონაწილეობა აქვს მიღებული რიგ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ფოლკლორისტულ ექსპედიციებში.
გაბისონიას ძირითადი ნაშრომები:
Некоторые вопросы гармонической функциональности в мегрельских народных многоголоных песнях. (1985). В сборнике: Жордания, Йосиф (сост. и ред.). Вопросы народного многоголосия: 29-30. Тбилиси: Сабчота Сакартвело (რუსულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)
თეონა რუხაძე
დაბ. 29.01.1982. ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის სპეციალისტი, ამავე კონსერვატორიის მასწავლებელი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივისა და ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორი. 2008-2012 წლებში იყო ფოლკრადიოს მუსიკალური წამყვანი და რამდენიმე გადაცემის ავტორი. წაკითხული აქვს მოხსენებები რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. არის მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიციების, ეთნომუსიკოლოგიური პროექტებისა და პრეზენტაციების მონაწილე.
რუხაძის ძირითადი ნაშრომები:
ჭიბონის შემსრულებლობის საკითხები. (2015). მანაგაძე, ხათუნა (რედ.) ხალხური და საეკლესიო მუსიკის საშემსრულებლო პრობლემები I: 335-349. ბათუმი: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გამომცემლობა (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე).
ოთარ კაპანაძე
დაბ. 19.07. 1981 ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 2002 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი (მუსიკის ისტორია); 2004 წელს – იმავე სასწავლის მაგისტრატურა (ეთნომუსიკოლოგია). 2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ქართული საფერხულო სიმღერები: მუსიკალური ენის თავისებურებები.
2004 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებასთან არსებული ლაბორატორიის სპეციალისტი. 2008 წლიდან ევგენი მიქელაძის სახ. ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. 2012-2014 წლებში საქართველო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი. 2008-2012 წლებში “ფოლკრადიოს” მუსიკალური წამყვანი და ავტორი ეთნომუსიკოლოგიური შინაარსის გადაცემებისა: “ერთი სიმღერის ისტორია”, “ქართული მუსიკალური დიალექტები”, “ჟანრი”. 2015 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი.
მალხაზ ერქვანიძე
დაბ. 24. 11. 1963. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და რეგენტი 1988-2007 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტის სპეციალობით (1990 წ.). მისი საქმიანობა მიმართულია მივიწყებული ხალხური სიმღერებისა და უძველესი ქართული საგალობლების აღდგენის, აგრეთვე მათი სწორი საშემსრულებლო მანერის დაცვისკენ. ამჟამად ხელმძღვანელობს ფოლკლორულ ანსამბლ სახიობასა და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდს. გამოცემული აქვს 25-მდე CD სხვადასხვა ანსამბლთან ერთად (ანჩისხატის გუნდი, “ძველი კილოები”, მამა დავითის ტაძრის გუნდი, “სახიობა”). ეწევა საექსპედიციო საქმიანობას, კონსულტაციებს უწევს ქართული სიმღერა-გალობის შემსრულებლებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გამოქვეყნებული აქვს ქართული გალობის ცხრა სანოტო კრებული. მისი კვლევები ეძღვნება ქართულ ბგერათწყობასა და ქართული მრავალხმიანობის ბუნებას.
ერქვანიძის ძირითადი ნაშრომები:
ქართული მუსიკის წყობა (პრობლემები და მოსაზრებები). (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 172-193. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
დავით შუღლიაშვილი
დაბ. 28. 02. 1964. მუსიკოლოგიის დოქტორი. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში“. მუშაობს კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრაზე, არის საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი, ანჩისხატის გუნდის მგალობელი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ქართული საეკლესიო გალობა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართული სამგალობლო სკოლების ტრადიციის, გალობის მრავალხმიანობის შესახებ. გამოსაცემად მოამზადა საგალობელთა და ხალხურ სიმღერათა კრებულები. მონაწილეობს ექსპედიციებში, სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
შუღლიაშვილის ძირითადი ნაშრომები:
ქართული გალობის შტოთა ერთიანობის შესახებ. (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 122-171. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის. (1991). ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, # 9-10: 108-112 (ქართულ ენაზე)
მარიამ ოსიტაშვილი
დაბ. 08. 03. 1957. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. 1981 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში იყო თბილისის კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების კათედრის მეცნიერთანამშრომელი, კულტურის ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. მუშაობს ქართული ჰიმნოგრაფიის საკითხებზე. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ქართული რვა ხმის სისტემა და მისი კილო-ინტონაციური საფუძველი”.
ოსიტაშვილის ძირითადი ნაშრომები:
ქართული რვა ხმის სისტემა და მისი კილო-ინტონაციური საფუძვლები. (1983). სამეცნიერო შრომების კრებულში: შავერზაშვილი, ალექსანდრე, (პ/მ. რედ). ქართული ხალხური მუსიკის კილო, მელოდიკა და რიტმი: 93-114. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)