მრავალხმიანობას, როგორც წესი, განსაზღვრავენ, როგორც ისეთი ტიპის მუსიკას, სადაცერთდროულად ისმის ერთზე მეტი სიმაღლისბგერა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვეთანხმები მრავალხმიანობის აღნიშნულგანსაზღვრებას, მიმაჩნია, რომ იგი ძალიან ცალმხრივია და არ ითვალისწინებს ვოკალური მრავალხმიანობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სოციალურ ფაქტორს. ჩემი ღრმა რწმენით, ვოკალური მრავალხმიანობის ფენომენში გარკვევისათვის აუცილებელია გამოვყოთ ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ამ მოვლენის არსს ასახავენ. ესენია სოციალური და მუსიკალური ფაქტორები. მრავალხმიანობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს კულტურაში როგორც ერთიანი მოვლენა (ანუ მოვლენა, რომელიც ორივე –სოციალურ და მუსიკალურ ფაქტორებს მოიცავს), მაგრამ მრავალხმიანობა ასევე შეიძლება იყოს წარმოდგენილი კულტურაში მხოლოდ სოციალური, ან მხოლოდ მუსიკალური ფაქტორის საშუალებით. სოციალური მრავალხმიანობა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის მიერ აქტიურ მუსიკალურ ურთიერთობას. მუსიკალური მრავალხმიანობა გულისხმობს ისეთი ტიპის მუსიკას, რომელშიც ერთდროულად ჟღერს ერთზე მეტი სიმაღლის ბგერა. აშკარაა, რომ მრავალხმიანობის განსაზღვრის ზემოთ ნახსენები ტრადიციული ფორმულირება ეყრდნობა მხოლოდ მუსიკალურ ფაქტორს და საერთოდ არ ითვალისწინებსსოციალურ ფაქტორს. სოციალური და მუსიკალური ფაქტორები ყოველთვის არ თანაარსებობენ კონკრეტულ კულტურებში. მაგალითად, უნისონური (ან ოქტავური) სიმღერის ფენომენი სოციალურად მრავალხმიანობაა (რადგანაც საქმე გვაქვს ჯგუფურ მუზიცირებასთან), მაგრამ მუსიკალურად ეს არის ერთხმიანობა (რადგან განხვავებული სიმაღლის ბგერების შერწყმასთან არა გვაქვს საქმე).