ტმკსც-ს გუნდი სიხარულით იუწყება, რომ ცენტრის სპეციალისტმა ნინო რაზმაძემ ფონდ „ქართული გალობა“-ს მიერ დაწესებული ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის სტიპენდია მოიპოვა. ვულოცავთ ნინოს და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში!
ტმკსც-ის სპეციალისტმა თეონა ლომსაძემ რუსთაველის ფონდის გრანტი მოიპოვა
ტმკსც-ის სპეციალისტმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა თეონა ლომსაძემ გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსში. გრანტის ფარგლებში ის განახორციელებს სხვადასხვა სამეციერო აქტივობას, მათ შორის, კვლევით ვიზიტებს მსოფლიოში ცნობილ ეთნომუსიკოლოგებთან (ბრუნო ნეტლი, ჯეინ შუგარმანი, ქეროლაინ ბითელი, მარტინ სტოუკსი) და ინდივიდუალური მოხსენებით წარსდგება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (CUNY) გამართულ მუსიკოლოგიურ კონფერენციაზე.
ვულოცავთ თეონას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს მის სამეცნიერო საქმიანობაში!
ESEM-2017-ის ანგარიში
2017 წლის 5-9 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (ტმკსც) უმასპინძლა ეთნომუსიკოლოგიის ევროპულ სემინარს – ESEM-2017. ჩვენი კულტურული ცხოვრების ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ეს სემინარი დასტურია იმისა, რომ ჩვენ უკვე ვართ დიდი ევროპული ოჯახის წევრები და, ასევე, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ქართული ეთნომუსიკოლოგიის დაახლოების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეს კი ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ქართული და იტალიური ტრადიციული მუსიკის კონცერტი
ეთნომუსიკოლოგიის 33-ე ევროპული სემინარის სიახლეები
✓ იხილეთ ეთნომუსიკოლოგიის 33-ე ევროპული სემინარის ბუკლეტი და ინფორმაცია მონაწილეთათვის.
33-ე “ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარის” სიახლეები
✓15 მარტს ამოიწურა ESEM სემინარის აბსტრაქტების მიღების ვადა. მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 22 ქვეყნის 66-მა მეცნიერმა. საპროგრამო კომიტეტის გადაწყვეტილება გამოცხადდება აპრილის შუა რიცხვებში. 1 მაისს კი ESEM -ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება სემინარის წინასწარი პროგრამა.
ისლამ ფილფანის გამოსათხოვარი
ფოტო: გიორგი ხუციშვილის
გამოვხატავთ ჩვენს უღრმეს მწუხარებას ქართული ტრადიციული მუსიკის ერთ-ერთი პატრიარქის, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ხალხური მუსიკოსის ბატონ ისლამ ფილფანის გარდაცვალების გამო. ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა მოღვაწეობამ იგი თავისი კუთხის მუსიკალური კულტურის სიმბოლოდ აქცია. წარმოუდგენელი იყო, სვანური სიმღერით დაინტერესებულ შინაურ თუ უცხოელ მუსიკოსს ან, უბრალოდ, მუსიკის მოყვარულს გვერდი აევლო ბატონი ისლამისა და მისი ოჯახისათვის. ბრწყინვალე ლოტბარმა, მომღერალმა და სვანური ხალხური საკრავების უბადლო მცოდნემ, არა ერთი ხალხური მუსიკოსი აღზარდა თავის ანსამბლ „რიჰოში“, რომელიც ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ თვით ყველაზე შორეულ უცხო ქვეყნებში.
ბატონი ისლამის მასპინძლობდა ყველას, ვინც სვანეთს სტუმრობდა, დაუღალავად უზიარებდა თავის მდიდარ გამოცდილებას სვანური სიმღერების შესწავლის ქართველ თუ უცხოელ მსურველებს, მათ შორის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების მონაწილე მეცნიერებსა და შემსრულებლებს.
ბატონი ისლამი იყო გამორჩეული, განუმეორებელი, მის პიროვნებაში თითქოს მთლიანდებოდა სვანური კულტურის ათასწლოვანი ისტორია და თანამედროვეობა, რის გამოც სცენაზე მისი ყოველი გამოჩენა აუდიტორიაზე მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა.
აუნაზღაურებელია ისლამ ფილფანის დანაკლისი ქართული კულტურისათვის. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!
რიგით 33-ე “ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი” (ESEM) – თბილისი 5/9 სექტემბერი 2017
რიგით 33-ე “ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი” (ESEM)
ეთნომუსიკოლოგია 21-ე საუკუნეში
5-9 სექტემბერი, 2017, თბილისი, საქართველო
მოწვევა
ეთნომუსიკოლოგიის 33-ე ევროპულ სემინარს 2017 წლის 5-9 სექტემბერს თბილისის. ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი უმასპინძლებს.
21-ე საუკუნეში ეთნომუსიკოლოგიის წინაშე ბევრი გამოწვევაა. ერთ-ერთი მათგანია, თუ როგორ გამოვხატოთ ტრადიციული მუსიკის ფუნქციების ფართო სპექტრი თანამედროვე საზოგადოებაში. ამ გამოწვევასთან შესახვედრად ეთნომუსიკოლოგია გაცილებით მრავალთემატური და მრავალმხრივი გახდა. ის არ ივიწყებს ძველ როლს, მაგრამ, ამავე დროს, თანამედროვე მსოფლიო ტენდეციების მიმართ ახალ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს ეძებს. ჩვენ დღეს ალბათ უნდა ვისაუბროთ “ეთნომუსიკოლოგიებზე” და არა ერთ “ეთნომუსიკოლოგიაზე”, ვინაიდან მთელი რიგი დისციპლინური ინტერესები საკმაოდ ფართოა – მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ რეგიონში მცხოვრები უძველესი ხალხების მიუწვდომელი მუსიკალური ტრადიციებიდან, მრავალჯერ გარდაქმნილ და კომერციალიზებულ თანამედროვე ფორმებამდე.
ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ეეს-ის 2017 წლის თემები გავაერთიანოთ საერთო სათაურის ქვეშ:
ეთნომუსიკოლოგია 21-ე საუკუნეში





